ევროკავშირის ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის €200 მილიარდის მოცულობის აქტივებზე, რომლის გამოყენების შედეგად მიღებული მოგება უკრაინაში გაიგზავნება. მიღებული თანხა წელიწადში დაახლოებით €3 მილიარდს მიაღწევს.
ევროკომისიამ აქტივების გამოყენების დეტალურ გეგმა ზაფხულის ბოლომდე უნდა შეიმუშაოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გეგმის სამართლებრივი რისკები ჯერ კიდევ შესასწავლია. კერძოდ, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული პროცენტები და შემოსავალი, იურიდიულად, რუსეთის საკუთრება იქნება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირი რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხს იხილავს. ბრიუსელი აცხადებდა, რომ ამის ლეგალურად გაკეთება შეუძლებელი იყო.
სამუშაო ჯგუფი რუსული აქტივების გამოყენების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა.
ერთ-ერთი ვარიანტი გულისხმობდა ამ სახსრების რეინვესტირებას მოგების მიღების მიზნით, რომელიც შემდეგ უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯებოდა. ამ ვარიანტს, სამუშაო ჯგუფის შეფასებით, „მნიშვნელოვანი სამართლებრივი დაბრკოლებები“ ჰქონდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ევროკავშირის ლიდერები საბოლოოდ, ამ ვარიანტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ახლა აღნიშნულ გეგმას G-7 ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება.