ევროპის ცენტრალური ბანკის(ECB) ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ევრობანკი საპროცენტო განაკვეთს მალე შეამცირებს. ამის საფუძველს ევროზონაში კლებადი ინფლაცია ქმნის.
ეკონომისტების პროგნოზით, ევროზონაში ინფლაცია 2%-მდე შემცირდება და ამ ნიშნულზე გაჩერდება. ასეთი შედეგი აჩვენა ევრობანკის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც ევროპული კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების 61 ეკონომისტი მონაწილეობდა. ისინი 18-21 მარტის პერიოდში გამოიკითხეს.
გამოკითხვის თანახმად, ევროზონაში წელს ინფლაცია 2.4% იქნება, 2025 და 2026 წლებში კი 2.0%-მდე დაიწევს და გრძელვადიან პერსპექტივაში უცვლელი დარჩება.
წინა კვირას ევრობანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად 4.50%-ის დონეზე დატოვა, მაგრამ მიანიშნა, რომ განაკვეთების შემცირება შეიძლება ივნისიდან დაიწყოს.
ევროპაში სურსათსა და საქონელზე ფასები შედარებით დასტაბილურდა. ხელფასების ზრდა თანდათან ზომიერი გახდა. ამავდროულად, სესხებზე გაზრდილი განაკვეთები კვლავაც ამცირებს მოთხოვნას, რაც ხელს უწყობს ინფლაციის კლებას. მაგრამ ინფლაციას მომატებულ ნიშნულზე ინარჩუნებს მომსახურების ფასები.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი ინფლაციის 2%-მდე შენელებას მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის ვარაუდობს, თუმცა ამბობს, რომ „ამ მიზნისკენ გზა იოლი არ იქნება”.