დღეს პარიზში ზაფხულის XXXIII ოლიმპიადა იწყება.
საფრანგეთის დედაქალაქი 100 წლის განმავლობაში პირველად მასპინძლობს ზაფხულის ოლიმპიადას.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური თილისმაა- „ფრიგე’ ფრიგიული ქუდი, რომელიც თავისუფლების სიმბოლო იყო საფრანგეთის რევოლუციის დროს.
„თამაშები ღიად“(“Games wide open”) წლევანდელი პარიზის ოლიმპიური თამაშების დევიზია.
ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებების უმეტესობა ქალაქის ყველაზე საკულტო ზონებში ან მის გარშემო გაიმართება.
მდინარე სენაზე აღლუმი ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე დაიწყება აუსტერლიცის ხიდთან. ცერემონიაზე სპორტსმენები ნავებით ჩაივლიან სენაზე. მათ 6 კმ-ზე ქვემოთ 300 000 მაყურებელი დაელოდებათ.
ღონისძიების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი – იყო საუბარი სელინ დიონისა და ლედი გაგას მონაწილეობის შესახებ. ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელი თომას ჯოლი ამბობს, რომ მას სურს “აჩვენოს საფრანგეთი მთელი თავისი მრავალფეროვნებით”.
პარიზის თამაშები პირველია, სადაც სპორტსმენებს შორის გენდერული თანასწორობა მიღწეულია- 5250 მამაკაცი და 5250 ქალი სპორტსმენი მონაწილეობს.
პარიზში უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული – ქალაქში 5000-მდე პოლიციელი, ჯარისკაცი და დაქირავებული დაცვა პატრულირებს. სენა – მდინარე, რომელიც გადის პარიზის ცენტრს – შემოღობილია გახსნის ცერემონიისთვის, რის გამოც მოსახლეობას სჭირდება QR კოდები გარკვეულ ადგილებში შესასვლელად.
წლევანდელი თამაშების სავარაუდოდ 9 მილიარდი ევრო დაჯდება. ხოლო საორგანიზაციო კომიტეტი გვპირდება, რომ ის გახდება ყველაზე მწვანე ოლიმპიადა ისტორიაში.
ოლიმპიადის წინ ერთ-ერთი აქტიური განხილვის თემა იყო სენას წყლის ხარისხი. მდინარე სენაში ცურვა საუკუნის განმავლობაში წყლის ხარისხის გამო, აკრძალული იყო. თუმცა, პარიზის მერმა ანა იდალგომ 17 ივლისს მდინარეში გაცურა, რათა დაემტკიცებინა, რომ ის უსაფრთხო იყო.
ცერემონიაში მონაწილე ასობით მოცეკვავე, უკმაყოფილო იყო ანაზღაურებით და იმუქრებოდა გაფიცვით, მაგრამ ფრანგულმა მედიამ დაწერა, რომ ახალი შეთავაზების მიღების შემდეგ, მათ პროტესტი გააუქმეს.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშების ოფიციალური გახსნა დღესაა, სპორტის ზოგიერთი სახეობაში შეჯიბრი უკვე დაწყებულია, როგორიცაა კაცების შვიდკაცა რაგბი და კაცთა და ქალთა ფეხბურთი.