დღეს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
ევროსაბჭოს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
დღის წესრიგში სამი ძირითადი საკითხია: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მათ შორის მოვლენები სირიასა და ლიბანში.
ასევე, საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „დამატებით ზომებს“ განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე.