ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ახალ 38%-იან ტარიფს აწესებს.
ელექტრომანქანების მწარმოებელი SAIC Motor Corp, ევროკავშირში პროდუქციის შეტანისთვის არსებული 10%-იანი განაკვეთის გარდა 37,6%-ს გადაიხდის, ხოლო Geely და BYD, დამატებით დაიბეგრებიან შესაბამისად 19.9%-ით და 17.4%-ით.
დროებითი ტარიფები დღეიდან, 5 ივლისიდან ამოქმედდება, ხოლო საბოლოო ტარიფები ძალაში შევა ნოემბრამდე, თუ ორივე მხარე არ მიაღწევს რაიმე ალტერნატიულ გადაწყვეტილებას ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მას არ დაბლოკავს.
ევროკომისიაში გადაწყვეტილება ჩატარებული გამოძიების შემდეგ მიიღეს. კომისია იკვლევდა, რამდენი სუბსიდია მიიღო თითოეულმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა სახელმწიფოსგან, რაც მათ მიერ დემპინგური ფასების შემოღების საფუძველი გახდა. ტარიფებიც ამის შესაბამისად განისაზღვრა.
ჩინელი მწარმოებლები, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან, საშუალო შეწონილ გადასახადს 20.8%-ს გადაიხდიან, ხოლო ფირმებს, რომლებიც არ ითანამშრომლეს, დამატებით 37.6% დაეკისრებათ. ეს დაემატება 10%-იან გადასახადს, რომელიც უკვე მოქმედებს ჩინეთიდან იმპორტირებული ყველა ელექტრომობილისთვის.
კომისიამ დაადგინა, რომ 2024 წლისთვის ჩინური ბრენდების წილი ევროკავშირის ბაზარზე 8%-მდე გაიზარდა 2019 წელს არსებული 1%-დან და 2025 წელს შესაძლოა, 15%-ს მიაღწიოს.
ჩინური ელექტრომობილების ფასები 20%-ით დაბალია ევროპულ მოდელებზე, რამაც გამოიწვია მათი მოზღვავება ევროპულ ბაზარზე.
რას შეცვლის ახალი ტარიფები ბაზარზე
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი ტარიფები ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტს ევროპაში მეოთხედით შეამცირებს, რაც დაახლოებით $4 მილიარდს შეადგენს.
ბევრმა ევროპელმა ავტომწარმოებელმა უკვე თქვა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან გაზრდილ ტარიფებს. მათ შორის არიან Mercedes-Benz Group და Volkswagen. ჩინეთი Mercedes-ის, VW-ისა და BMW -ის ყველაზე დიდი გასაღების ბაზარია. გერმანელმა ავტომწარმოებლებმა პროდუქციის მესამედი გასულ წელს ჩინეთში გაყიდეს.
ზოგიერთი მსხვილი ჩინური ფირმა უკვე გეგმავს წარმოების დაწყებას ევროკავშირში, რაც შეიძლება მათ გაზრდილი გადასახადებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს.
BYD პირველ ევროპულ ქარხანას აშენებს უნგრეთში და წარმოებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყებს.
Chery-მ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა კონტრაქტს ესპანურ ფირმასთან, რომლის მიხედვითაც ორი კომპანია ბარსელონაში ელექტრომობილებსა და სხვა ტიპის მანქანებს გამოუშვებს.
ევროკავშირის მიერ ტარიფების ზრდა სავარაუდოდ პეკინთან სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. ჩინეთი ევროკავშირის მიერ ჩატარებულ გამოძიებას სავარაუდოდ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს. ამასთანავე, ჩინეთი იმედოვნებს, რომ მალე მიაღწევს შეთანხმებას ევროკავშირთან გადასახადის შემცირებაზე ან მთლიანად გაუქმებაზე. ტექნიკური მოლაპარაკებები მხარეებს შორის უახლოეს დღეებში განახლდება.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ჩინურ ელექტრომობილებზე იმპორტის გადასახადი 100%-მდე გაზარდა. თუმცა, ჩინური ელექტრომობილები შედარებით იშვიათი სანახაობაა აშშ-ს გზებზე და ბევრად უფრო მეტი იყიდება ევროკავშირში.