მარტში ჩინურმა იუანმა პირველად გადაუსწრო ამერიკულ დოლარს ჩინეთის ტრანსსასაზღვრო სავაჭრო ტრანზაქციებში. ანგარიშსწორებების 48,4% იუანში განხორციელდა. ეს მონაცემები სახელმწიფო სავალუტო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
ამერიკული დოლარის წილი ჩინურ გლობალურ ტრანზაქციებში მარტში, თებერვალთან შედარებით, 1,9%-ით შემცირდა – 48,6%-დან 46,7%-მდე.
იუანში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ თებერვალში $434,5 მილიარდი შეადგინა, მარტში კი $549,9-მდე გაიზარდა.
ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და რამდენიმე სხვა ქვეყანა ცდილობს, დოლარის ნაცვლად ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დროს ადგილობრივ ვალუტა ან იუანი გამოიყენოს.
ეს ქვეყნები ქმნიან ალტერნატიულ სავაჭრო და მონეტარულ კავშირებს, რათა შეზღუდონ აშშ დოლარის, როგორც მთავარი სარეზერვო ვალუტის გავლენა.
მარტის დასაწყისში, ჩინეთმა და ბრაზილიამ გააფორმეს შეთანხმება, რომლითაც ორმხრივ ტრანზაქციებში აშშ დოლარით ანგარიშსწორება გამოირიცხა. ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია, შეამცირონ საინვესტიციო ხარჯები და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები განავითარონ.
ჩინეთში ვიზიტის დროს, ბრაზილიის პრეზიდენტმა მოუწოდა სამხრეთის ქვეყნებს, იმუშაონ აშშ დოლარის შემცირებაზე საერთაშორისო ვაჭრობაში და მის ნაცვლად საკუთარი ვალუტა გამოიყენონ.
ბრაზილიის ლიდერმა ასევე მოუწოდა BRICS-ის (ჩინეთი, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა) ქვეყნებს, დააარსონ საერთო ვალუტა, რომელსაც ერთმანეთთან ვაჭრობის დროს გამოიყენებენ.
დედოლარიზაციას ინდოეთიც ცდილობს
რუპიას სავაჭრო ვალუტად გამოყენებას ინდოეთიც ცდილობს, რათა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საგარეო ვაჭრობაში.
ინდოეთის მთავრობის ახალი პოლიტიკა 1-ელ აპრილს შევიდა ძალაში და ის განკუთვნილია ვაჭრობისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც განიცდიან დოლარის დეფიციტს ან ვალუტის უკმარისობას აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე.
ამ პოლიტიკით ინდოეთი ცდილობს, გაზარდოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი $2 ტრილიონამდე 2030 წლისთვის.
ექსპერტების შეფასებით, დოლარის დომინანტობა სუსტდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუანმა და, მითუმეტეს, სხვა ვალუტამ, მწვანე კუპიურები ჩაანაცვლოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ბოლო წლებში აშშ დოლარის წილი მსოფლიო ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვებში შემცირდა, მაგრამ ის მაინც მთლიანი მოცულობის თითქმის 60%-ს შეადგენს.