ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორგანიზაცია ტენდერის გარეშე ფულს იღებს იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან (სსიპ), რომელიც მას მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ექვემდებარებოდა,- ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ მოიკვლია.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 26 აპრილს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვით 40 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა ა(ა)იპ საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელს.
ხელშეკრულება კონფერენციის ჩატარების მომსახურებას ითვალისწინებდა.
რა არის საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი
საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი 2023 წლის პირველ მარტს დააფუძნა ამავე სახელწოდების – შპს საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა, რომელსაც 2022 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან კიდევ ერთი 50 000 ლარიანი ხელშეკრულება აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვით.
შპს საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი 2021 წელს დაფუძნდა.
8.5% წილი ამ კომპანიაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს,
8.5% დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავს ივანე თევდორაშვილს,
19% სომხეთის მოქალაქეს ჰაიკ ასრიანცს,
19% გურიელ ქოიავას,
15% შპს „G & G Invest“-ს,
27% კი შპს დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის.
ამ უკანასკნელის 10-10%-ს დიმიტრი ქუმსიშვილი და ივანე თევდორაშვილი ფლობენ.
ზოგადად, ანგელოზი ინვესტორები არიან ინვესტორები, რომლებიც ახალდაფუძნებულ, მცირე კომპანიებში, ე.წ. Startup-ში დებენ ფულს.
სახელი „ანგელოზი“ დაკავშირებულია ინვესტორის სტატუსთან – ის დამწყებ კომპანიას ეხმარება. თუმცა, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მკვლევრები მიუთითებენ, საქართველოს შემთხვევაში პირიქით გამოდის- სახელმწიფო ეხმარება ანგელოზ ინვესტორებს.
„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს პროკურატურამ დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდზე სამინისტროს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მთავარი ინტერესი ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილი კომპანიები და შესყიდვები იყო. პროკურატურამ დიმიტრი ქუმსიშვილიც გამოჰკითხა”,- წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. .