2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მაგრამ ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს თუ ევროკავშირის წევრობა სურს. აუცილებლად შესასრულებელ პირობებს შორის არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა.
ევროკომისიას ეს პირობა რეკომენდაციების ჩამონათვალში პირველ ნომრად ტყუილად არ მიუთითებია. დეზინფორმაცია საქართველოსთვის მზარდ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. რადგან დასავლეთთან ჰიბრიდულ ომში ჩართული რუსეთი თავისი პროპაგანდისტული არხებით ცდილობს, საქართველოში პროდასავლური განწყობა ჩააქროს და მოსახლეობა ევროკავშირის მიმართ უნდობლად განაწყოს.
დეზინფორმაციულ კამპანიას ხშირად მიმართავს ხელისუფლებაც. ადგილობრივი, განსაკუთრებით ხელისუფლების მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები, მიმართულია ოპონენტების წინააღმდეგ, პანიკის დასათესად, ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციისკენ და ა.შ.
დეზინფორმაცია – გამოწვევა რუსული სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში
საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნის პირობებში, კრემლის დეზინფორმაცია განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი შოთა ღვინერია განმარტავს, როგორი სახე აქვს რუსული დეზინფორმაციის ჯაჭვს: სქემის სათავეში პუტინი და კრემლის მაღალჩინოსნები არიან, შემდეგ რგოლს წარმოადგენენ ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც მართავენ კრემლთან ასოცირებულ მედიასაშუალებებს, სოციალური მედიის პლატფორმებს, ე.წ. ფეიქ ექაუნთებს, ბოტებს.
ანტიდასავლური განწყობებისა და პრორუსული ნარატივების გამავრცელებელ პროპაგანდისტულ საშუალებებში რუსეთი დიდ ფულს დებს. კრემლმა საქართველოშიც შექმნა მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფორმალურად დემოკრატიის განვითარებას შეუწყობდნენ ხელს, რეალურად კი რუსულ ინტერესებს გაატარებდნენ.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა” საქართველოში ასეთი 76 ორგანიზაცია დათვალა, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის ურთიერთგაგებასა და კეთილმეზობლურ ცხოვრებას ხელი შეუწყოს. მსგავსი ორგანიზაციების მომრავლება განსაკუთრებით დასავლეთის სტრუქტურებთან დაახლოების შემდეგ დაიწყო.
მათი დეზინფორმაციული ნარატივის მთავარი თემებია იდენტობა და ფასეულობები, კერძოდ, ლგბტქ თემები. მათი მესიჯები ზუსტად იმეორებს რუსული პროპაგანდის თემებს. მსგავსი ორგანიზაციები საქმიანობას ქრისტიანული და ეროვნული ინტერესების დაცვით ნიღბავენ, სინამდვილეში კი, კრემლის ინტერესებს ატარებენ.
ასეთ ორგანიზაციებს შორისაა „ევრაზიული ინსტიტუტი“, რომლის პარტნიორები არიან მედიაგამოცემები „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge), „საქინფორმი“ და „ივერიონი“. აქ გამოქვეყნებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლური რიტორიკისაა.
ყველაზე ანტიდასავლური და რადიკალური დაჯგუფება საქართველოში ორგანიზაცია „ალტ-ინფოა“, რომელმაც ასევე რუსეთის მხარდამჭერი „პატრიოტთა ალიანსი“ ჩაანაცვლა.
„ალტ-ინფო“ – რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი
„ალტ-ინფო“ ღია მოწოდებებით გამოდის, რომ მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის.
ცდილობენ, განავითარონ აზრი, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ურთიერთობების დალაგების გასაღები დევს არა უშუალოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ, რუსეთში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს.
ამ მიზნით, ისინი საქართველოში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის განთავსებასაც არ გამორიცხავდნენ. 2021 წელს გაკეთებული ეს „ვარაუდი” 2023 წლის ბოლოს გამართლდა ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ სამხედრო ფლოტის განთავსებით.
„ალტ-ინფოს“ გამოსვლები ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას აფხაზეთის შესახებ. კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქართველები აფხაზეთში არ ცხოვრობდნენ და იქ რუსებმა ჩაასახლეს. იმავე ნარატივს ავრცელებენ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები.
ორგანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ის ავრცელებს კრემლის გზავნილებს და ცდილობს, ომის დაწყების პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისროს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, „ალტ-ინფოს“ ლიდერები მოსკოვში ჩავიდნენ. მათივე განცხადებით, ვიზიტის მიზანი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცება იყო. ისინი რუსეთის დუმის წევრებს, პუტინის ყოფილ მრჩეველს – სერგეი გლაზევსა და რუსეთის ფედერაციის დაზვერვის პოლკოვნიკს – იგორ მოროზოვს შეხვდნენ.
მოსკოვიდან დაბრუნებულებმა კი განაცხადეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას იწყებენ.
ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოების გარდა, „ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალადობისკენ მოწოდების საჯარო განცხადებების ვიდეოჩანაწერები, ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მეტიც, დაუსჯელობით წახალისებულმა ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნეს და თითქმის 70 რეგიონული ორგანიზაცია გახსნეს.
ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა რამდენიმე ათეული ფეისბუკ-გვერდი, რომლებიც „ალტ-ინფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს გვერდები ერთი და იმავე შინაარსის კონტენტს ავრცელებდნენ – ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გზავნილებს.
ხოლო 2023 წლის 22 დეკემბერს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ, თბილისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ამის ამსახველი ვიდეო „ალტ-ინფოს“ გვერდზე გავრცელდა. მერიის დაცვის მხრიდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
ვინ აფინანსებს დეზინფორმაციას?
პრორუსული ორგანიზაციები საქართველოში აწყობენ მსვლელობებს, ტრენინგებს, შეკრებებს, ბეჭდავენ ლიტერატურას და შემდეგ ხალხში უფასოდ არიგებენ. ამავდროულად ამბობენ, რომ ამას დაფინანსების გარეშე, უხელფასოდ აკეთებენ.
ამ ორგანიზაციების უმრავლესობის ანგარიშები პასიურია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაფინანსებას არალეგალური გზებით იღებენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „კონსერვატიულმა პარტიამ“ ერთ თვეში, 2022 წლის 16 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, 96 პირისგან 93 035 ლარის შეწირულობა მიიღო.
პარტიისა და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ 5-6 კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც მისი პარტნიორები დსთ-ის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და მათთან დაკავშირებული უცხოელი პარტნიორები არიან.
ცხადია, ვინც ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, იარაღსაც ის აფინანსებს.
ჰიბრიდული ომი – მიზანი და ინსტრუმენტები
შოთა ღვინერია განმარტავს რუსული შანტაჟის მექანიზმს, რომლითაც ის მის სამიზნე რეგიონებში ყოველთვის მოქმედებდა და ახლაც იმავეს აგრძელებს:
„რუსეთი ჯერ ხელოვნურად ქმნიდა კრიზისს, ახდენდა ვითარების ესკალაციას, შემდეგ ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე მოლაპარაკებისთვის იწვევდა მეორე მხარეს და იღებდა დათმობას დასავლეთისგან, აღწევდა თავის მიზანს და შემდეგ კიდევ ახლიდან იწყებდა.
ამის მაგალითია, საქართველოში 2008 წლის ომი, 2014 წლის მოვლენები ყირიმსა და დონბასში და შემდეგ სირიაში 2016 წელს, ყარაბაღში 2020 წელს დაწყებული მეორე ომი და ბელორუსის 2021 წლის მოვლენები.
2022 წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მისმა ულტიმატუმმა უკრაინაში არ იმუშავა.
დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომ შეჩერდებოდა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება, რუსეთს მხოლოდ შანტაჟისთვის სჭირდებოდა. რადგან პუტინის შანტაჟმა არ გაჭრა, ის იძულებული გახდა, სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადასულიყო”,- აღნიშნავს შოთა ღვინერია.
რა მიზანი აქვს რუსულ სიცრუეს
რუსეთი საქართველოში იყენებს ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელ ყველა იარაღს – ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და დიპლომატიურ გავლენებს, ისტორიის გაყალბებას, საინფორმაციო საშუალებებს და ა.შ.
მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კრემლის ხელში დეზინფორმაციის გავრცელების მძლავრ იარაღს წარმოადგენს ეკლესია.
ბევრი სასულიერო პირი ქადაგების დროს ავრცელებს პრორუსულ გზავნილებს და მრევლში თესავს დასავლეთის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას,
ქადაგებს დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობისა და რუსეთთან ცივილიზაციური ერთობის მითებს. ამგვარად ისინი ცდილობენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობების დანერგვას.
სასულიერო პირების მოსკოვის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, მართლმადიდებლური ეკლესია, რეიტინგის კლების მიუხედავად (NDI-ის 2020 წლის კვლევის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ნდობა ბოლო 4 წელიწადში 25%-ით შემცირდა), ხალხში მაინც დიდი გავლენით სარგებლობს.
ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებაში კრემლს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ეხმარებიან. „ალტ-ინფოს“ ნარატივი და ხელისუფლების წევრების განცხადებები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა.
მაგალითად გამოდგება შეტევა აშშ-ის ყოფილ ელჩზე საქართველოში კელი დეგნანზე.
ისინი ავითარებდნენ აზრს, რომ შეერთებული შტატები რეალურად მართავს ქვეყანას და ამით ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, აღვივებს კონფლიქტებს და არის სახელმწიფო გადატრიალებების წამქეზებელი.
ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ღიად შეეცადა უკრაინის ომში დასავლეთის დადანაშაულებას.
„პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან“, – თქვა კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა.
ანტიდასავლურ პროპაგანდას აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. მან თქვა, რომ გზავნილი, თითქოს აშშ-ის საქართველოს ომში ჩათრევა სურს, „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა“.
ხდება ომის შიშის დანერგვა და რომ საქართველოს NATO–თან თანამშრომლობა რუსეთის პროვოცირებასა და სამხედრო ესკალაციას გამოიწვევს. ამასთან, ავითარებენ მოსაზრებას, რომ NATO-ში ინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოსგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას მოითხოვენ.
ხელისუფლების წევრები მსგავს მოსაზრებას ავითარებდნენ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებითაც.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვის თავზეც არავინ მიანიჭებს, „თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.
ჯერ „პატრიოტთა ალიანსმა”, შემდეგ კი „ალტ-ინფომ” წამოწიეს ნეიტრალიტეტის თემაც, რომელიც ასევე რუსული „მესიჯ-ბოქსის” ნაწილია. „ალტ-ინფო” ავითარებს აზრს, რომ ერთადერთი სწორი გზა ახლა სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა, რათა „ქვეყანაში უკრაინული სცენარი ავირიდოთ“…
რუსული გეგმის ნაწილია სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან დასავლეთის აგენტები და მოღალატეები. ამის მაგალითად გამოდგება საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ -ე.წ. „რუსული კანონი“, რომლის მიღებით, მტრულ ძალად გამოცხადდებოდა დასავლური ქვეყნებიდან დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია.
თამარ კინწურაშვილი, მითების დეტექტორის მთავარი რედაქტორი და რუსული პროპაგანდის მკვლევარი, BRG-თან ამბობს, რომ პრორუსული ჯგუფები და პლატფორმები რუსული დეზინფორმაციულ გზავნილებს ხშირად ქართულად ავრცელებენ და ზოგჯერ სახელისუფლებო გამოსვლები მასთან თანხვედრაშია.
„ინფორმაციის წყაროები არის განსხვავებული, დივერსიფიცირებული, მაგრამ გზავნილები არის იდენტური. ეს ეხება როგორც შიდა პროცესებს, ასევე საგარეო პოლიტიკას, უკრაინაში რუსეთის ინტერვეციას და სხვა.
საქართველოს ხელისუფლებისგან არ ისმის მკაფიო გზავნილები ამ მავნე აქტორების წინააღმდეგ. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ასეთ ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს”, – აღნიშნავს თამარ კინწურაშვილი.
როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია
შოთა ღვინერია ამბობს, რომ კიბერსივრცემ ფუნდამენტურად შეცვალა ინფორმაციასთან მუშაობის პრინციპი – ადამიანებს იზიდავთ მარტივად აღსაქმელი და ემოციური ინფორმაცია. დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შექმნილი ინტერნეტგვერდები კი ხალხს წინასწარი განწყობების შესაბამის ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ ძალიან რთული ხდება იმის გარკვევა, რა არის სიმართლე და რა ტყუილი.
ინფორმაცია გახდა მთავარი სტრატეგიული იარაღი. ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს ძალაუფლებას. ინფორმაცია არის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გავლენის მოსაპოვებლად: სახელმწიფო პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ აზრზე.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მარტივ საშუალებებს, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგვეხმარება. ხოლო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა უნდა იმოქმედოს მტრული სახელმწიფოსგან მომავალი საფრთხეებისგან მოსახლეობის დასაცავად.
„ხშირად ხდება, რომ დეზინფორმატორები თარიღით მანიპულირებენ და ძველ ამბავს ახლად ასაღებენ. მიზანი ხალხში დაბნეულობის და გაუგებრობის შექმნაა. რომელიმე ასეთი ისტორია შეიძლება, წლების წინ არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა აწმყოში დიდ გაუგებრობას ქმნიდეს”,- ამბობს შოთა ღვინერია.
შეიძლება დღევანდელ საინფორმაციო გარემოში სიმართლის პოვნა? შეიძლება.
რადგან ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება მნიშვნელოვანია, საჭიროა ვიცოდეთ ინსტრუმენტები, რაც ყალბი ინფორმაციის გამოვლენაში დაგვეხმარება.
Tineye.com არის პლატფორმა, რომელიც ფოტოს ატვირთვით ან ლინკის ჩაწერით ყველა ამ ინფორმაციას მოგაწვდით.
Google Fact Check Explorer არის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა გამოცემის გადამოწმებული ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი. საკმარისია მხოლოდ საძიებო სიტყვის ჩაწერაა.
ESRI World Imagery Wayback-ის საშუალებით, შესაძლებელია სხვადასხვა წელს გადაღებული სატელიტური ფოტოების ერთმანეთთან შედარება. ამ გზით ფოტოების გაყალბების გარკვევა და ნებისმიერი მანიპულაციისგან თავის დაცვა შეიძლება.
ვინ და როგორ უნდა ებრძოლოს დეზინფორმაციას
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი BRG-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დეზინფორმაცია, პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აღიქვას საფრთხედ და შემდეგ, მის წინააღმდეგ ერთიანი, კოორდინირებული გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოს, რომელშიც კერძოს სექტორი და საზოგადოებაც გაერთიანდება.
„მთავრობა აცხადებს, რომ კი, ჩვენ დეზინფორმაციის სამიზნე ვართ, მაგრამ ეს ხდება ფორმალურად. რეალურ ქმედებას, დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის, ვერ ვხედავთ.
პრობლემა ის არის, რომ თუ სახელმწიფო არ მოინდომებს რუსული სადეზინფორმაციო ნაკადებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს ან ვერ გააკეთებს ეფექტიანად. რასაც ვხედავთ, ნიშანწყალი არ შეიმჩნევა, რომ სახელმწიფო რუსული დეზინფორმაციული ნაკადის აღკვეთით არის დაინტერესებული, რაც ბუნებრივია, ბევრ რამეზე მეტყველებს”, – აღნიშნავს ლაშა ძებისაშვილი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლას უპირველესად ხელისუფლების საქმედ მიიჩნევს თამარ კინწურაშვილიც.
„პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა თქვას უარი რუსულ მეთოდებზე.
მას უფრო მეტი ინსტრუმენტი და გასაქანი აქვს, რუსული დეზინფორმაციული ნაკადის შესაჩერებლად. მას უნდა გააზრებული, სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა, რომელიც ინფორმაციულ ოპერაციებს შესაბამის პასუხს გასცემს და მეორე მხრივ, ცეცხლზე ნავთს არ დაამატებს, თავის შიდა დღის წესრიგის გამო და არ შეუწყობს ხელს ამ პრორუსული ჯგუფების მოძლიერებას ქვეყანაში”, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.
მტრული სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაში შედის. მაგრამ სამსახურის მიერ ამ დრომდე გამოქვეყნებულ ანგარიშებში რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის და მასთან ბრძოლის შესახებ არაფერი წერია.
ავტორი: ნონა ქვლივიძე