საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე აიკრძალება.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად, კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის შეზღუდვის შესახებ.
სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ასევე ისაუბრეს რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი.
სხდომაზე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზეც.