G7-ის წევრებმა იაპონიაში გამართულ სამიტზე მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, სადაც ჩინეთის მიმართ არაერთი პრეტენზიაა ჩაწერილი.
მათ შორის არის სავარაუდო ინტელექტუალური ქურდობა, ეკონომიკური იძულება და ადამიანის უფლებების შიდა დარღვევა. G7-ის თქმით, იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ტაივანთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან მიმართებაში „სტატუსკვოს ძალის გამოყენებით შეცვლის ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას“.
ასევე, ევროკავშირს აშფოთებს ჩინეთის მიერ გლობალური სამხრეთის ქვეყნებში სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, რომელსაც ის „მავნედ“ მიიჩნევს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უნდა შესთავაზონ ჩინეთის საინვესტიციო პროექტების ალტერნატივა, რათა დაუპირისპირდნენ ჩინეთის მიერ შეთავაზებულ გარიგებებს.
ლაიენმა თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს აქვთ „ცუდი გამოცდილება ჩინეთთან, რადგან „მათ აიღეს ჩინური სესხები და ვალის გამო კრიზისში აღმოჩნდნენ“.
მისი თქმით, ევროკავშირი წამოიწყებს 90 „ფლაგმან პროექტს“ მთელ მსოფლიოში და ეს იქნება Global Gateway-ის საინვესტიციო გეგმა.
G7-ის პრეტენზიებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა:
„ჩინეთი არასოდეს დაემორჩილება ამ ე.წ. წესებს… ჩინეთის ე.წ. ვალის ხაფანგი არის ტყუილი, რომელიც შექმნილია აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ“, – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა.