სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალის“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს.
მათ დიდი ოდენობის თანხა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით მიითვისეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, „დანერგე მომავალის” პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლისა და ნუშის ნერგების შესაძენად.
აღნიშნული თანხა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან – 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება, თუმცა, კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.