სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ზაფხულამდე გადავადება გამოიწვია.
ერთ-ერთ მიზეზად მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკური ვითარებას ასახელებს, რაც წინა გადავადების მიზეზიც იყო. იგულისხმება საომარი მდგომარეობა, რაც ფაქტობრივად უცვლელია. კიდევ ერთი ფაქტორი, თურქეთში ელექტროენერგიის მაღალი ფასია, რაც ისევ შენარჩუნებულია.
მისი თქმით, ზაფხული საუკეთესო პერიოდი იქნება ბაზრის ასამოქმედებლად. ამ პერიოდში საბალანსო ენერგოობიექტები თითქმის სრული დატვირთვით იმუშავებენ, რაც ახალ სისტემაზე გადასვლისას შესაძლო რისკებს დააზღვევს. კერძოდ, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი, რომლებსაც სისტემის დაბალანსების ფუნქცია აქვთ, დადგმული სიმძლავრის სულ მცირე, 70-80%-ის გამომუშავებისთვის მზად იქნებიან.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სემეკის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბაზრის გახსნის კიდევ სამი თვით გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ბაზარი ზაფხულისთვის გასახსნელად მზად იქნება. როდესაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის უკეთესია, რადგან ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექის პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, რის გამოც მარეგულირებელმა ჰესებმა [ენგურჰესი და ვარდნილჰესი] მეტი ენერგიის გამომუშავება უნდა შეძლონ. ბალანსისთვის სწორედ იაფიანი წყაროების მიწოდებაა აუცილებელი და ისინი 70-80%-იანი დატვირთვით მაინც უნდა მუშაობდნენ, რათა ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ“, – აცხადებს ნარმანია.
მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეხუთედ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადაავადა. ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო.