„ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, მათ გააანალიზეს მარჟები, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად, რეგულარის ტიპის საწვავზე და არის რესურსი, რომ უახლოეს ხანებში საწვავის ფასი 2 ლარს მიუახლოვდეს.
განცხადება იმის შესახებ, რომ საწვავზე ფასებმა უნდა დაიკლოს, მანამდე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მთავრობას აქვს ბერკეტები, რომ საწვავის ფასები დაარეგულიროს. საწვავზე ფასების ჭერის განსაზღვრას მთავრობა იმ შემთხვევაში აპირებს, თუ იმპორტიორები გონივრულ მარჟებზე არ იმუშავებენ.
პრემიერის თქმით, მთავრობამ იმპორტიორების არგუმენტებიც მოისმინა. „ბუნებრივია, ჩვენ მათ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ და ხელს შევუწყობთ, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ მუშაობა რაციონალური და ადეკვატური მარჟებით არ გაგრძელდება, ამის საწინააღმდეგოდ მთავრობას გარკვეული ბერკეტები აქვს.
იმედია, თვის ბოლომდე ფასების კლება აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.