Ryanair ტარიფების ზრდას აანონსებს ზაფხულისთვის, როცა მოგზაურობაზე მოთხოვნა მაღალი იქნება.
როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, წელს პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, დაბალი ტარიფები ჰქონდათ, მაგრამ ზაფხულში გაიზრდება. კომპანია გაძვირების მიზეზად საწვავის ხარჯის ზრდას ასახელებს, რაც ბილეთზე დაახლოებით €5-ის მომატებას შეესაბამება.
ავიაკომპანია წელს რეკორდულ მოგებას ელოდება, რადგან ზაფხულისთვის ჯავშნები მზარდია.
ევროპის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ 2023 წლის მარტის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ მოგებამ ერთ წელიწადში თითქმის რეკორდული €1,4 მილიარდი შეადგინა.
Ryanair ვარაუდობს, რომ 2023 წელი უკეთესი იქნება, რაც ზაფხულის სეზონის ბუმით არის გამოწვეული.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე თვითმფრინავებს დაამატებს და წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას – 186 მილიონამდე ადამიანს გადაიყვანს (შარშან რეკორდული 168 მილიონი მგზავრი გადაიყვანა).
ავიაკომპანიამ მაისის დასაწყისში $40 მილიარდად Boeing-ის ახალი თვითმფრინავები შეიძინა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Ryanair -ს თვითმფრინავების შესავსებად არაპიკურ პერიოდში ფასდაკლებების გამოცხადება დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიების უმრავლესობას წელს მეტი მოგების მოლოდინი აქვს, რადგან მოგზაურობებზე მოთხოვნა მაღალია. ევროპელი მომხმარებლები, ინფლაციის მიუხედავად, დასვენებაზე მეტ ფულს ხარჯავენ.