ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საბანკო ასოციაციას და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ეს მეოთხე შეხვედრაა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან მისი სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სანქციების დაწესების წესში გამონაკლისის დაშვებას შეეხებოდა და რასაც წესით, საბანკო სექტორის წინააღმდეგობა უნდა მოჰყოლოდა.
სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე.
„ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკის მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად”, –განაცხადა ნათია თურნავამ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის – ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საუბარი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
„შევთანხმდით, რომ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა, მათ შორის, კაპიტალის ბუფერებთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა ძნელაძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არის დარგის რეგულატორი, ჩვენც და ეროვნულ ბანკსაც საერთო მიზნები გვაქვს – მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული რისკები, გარე შოკები და განვავითაროთ ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ისედაც მდგრადია”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ხალიკ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.