გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გზა გაგანიერდება, რისთვისაც არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, აუცილებელი გახდა გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძის მოდერნიზება.
მისივე თქმით, ბენზინგასამართ სადგურების აღების შესახებ შეთანხმება, მათ მფლობელებთან უკვე მიღწეულია. მათ მერია, თბილისის სხვადასხვა ნაწილში, გამოუყოფს მიწის ნაკვეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ბენზინგასამართი სადგურების გადატანა.
გარდა ამისა, კახი კალაძე ამბობს, რომ გმირთა მოედნის კვანძზე შუქნიშანი მოეწყობა, რათა მოხდეს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩის და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადების დაყოფა, რაც მის გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს.
როგორც ცნობილია, გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაგუნა ვერეს და ძველი აბრეშუმის ფაბრიკის ადგილზე, შპს ნეო სითი დეველოპმენტს ცათამბჯენების აშენება აქვს დაგეგმილი. 28 დეკემბერს, პროექტი საკრებულომ მოიწონა და ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა.