გმირთა მოედანთან, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ორი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა.
გადაწყვეტილების მისაღებად ქართული ოცნების დეპუტატების ხმები საკმარისი აღმოჩნდა. გეგმის დამტკიცებას ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ისინი უმცირესობაში იყვნენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ გმირთა მოედანზე, სადაც ისედაც დიდი მოძრაობაა, მრავალსართულიანი ცათამბჯენების აშენების შემდეგ ტერიტორია უფრო მეტად გადაიტვირთება.
საკრებულოში დამტკიცების შემდეგ, განაშენიანების რეგულირების გეგმა თბილისის მერიას გადაეგზავნება, რომელმაც მშენებლობაზე ნებართვა უნდა გასცეს. მერია ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით იღებს.
52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება. შენებები 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
2023 წლის აგვისტოში ლაგუნა ვერე და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს ნეო სითი დეველოპმენტმა იყიდა შპს კოსტავა 69-ისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს მფლობელობაში იყო.
ნეო სითი დეველოპმენტის 100% ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრს – მარიკა ვერულაშვილს ეკუთვნის.