სუეცის არხში, რომელიც ხმელთაშუა ზღვას და წითელ ზღვასთან აკავშირებს, შესაძლოა, სავაჭრო მიმოსვლა შეწყდეს. ამის შესახებ Financial Times წერს.
შეფერხებები პანამის და სუეცის არხებში (რომლებიც მსოფლიოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციული მარშრუტებია) საფრთხეს უქმნის გლობალურ მიწოდებას.
სუეცის არხში სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც იემენის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელიც ჰამასს უჭერს მხარს, გამოაცხადა, რომ ყველა გემის გადაადგილებას დაბლოკავს, სანამ ღაზაში მოსახლეობისთვის საკმარისი საკვები და მედიკამენტი არ შევა.
შეიარაღებული ძალების სპიკერი აფრთხილებს ყველა გემს და კომპანიას, შეწყვიტონ ისრაელის პორტებთან კონტაქტი.
იემენის შეიარაღებული ძალები დაიმუქრა, რომ მიზანში ამოიღებს ნებისმიერ გემს, რომელსაც ფლობს ან მართავს ისრაელის კომპანია ან დაცურავს ისრაელის დროშით.
არმიამ ისრაელის ორი გემი ააფეთქა დეკემბრის დასაწყისში. ამავდროულად, აიძულა რამდენიმე ხომალდი, მთლიანად შეეცვალათ კურსი, რამაც მათ მიწოდების ვადები, ხარჯები და დაზღვევის ტარიფები გაუზარდა.
გვალვა პანამის არხში
პანამის არხში, რომელიც წყნარ და ატლანტის ოკეანეებს შორის 80,5-კილომეტრიან საზღვაო გზას წარმოადგენს, წყლის დონემ მკვეთრად დაიწია. წყლის ნაკლებობამ არხის სატრანზიტო შესაძლებლობები შეამცირა.
წელს არხში მხოლოდ 167 ნავმა გაიარა, მაშინ, როცა 2022 წლის დეკემბრის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 238 იყო.
გვალვა გადამზიდავების შეშფოთებას იწვევს. ბევრი კომპანია იძულებულია, ხომალდები არხიდან სხვა მიმართულებით გადაამისამართოს.