რა ხდება ხორბლის გლობალურ ბაზარზე
2024 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 15.8%-ით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ (რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი), ეს უმსხვილესი თვიური ზრდა იყო.
რუსეთშიც და უკრაინაშიც, რომლებიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან, ცუდი ამინდების გამო მოსავლის კლებაა მოსალოდნელი.
რუსეთის შემთხვევაში მოლოდინები უკვე 10%-ზე მეტით შემცირდა.
უკრაინაში კი დეკადის ყველაზე ცოტა მოსავალს ელიან.
SovEkon-ის ანალიტიკურმა ცენტრმა რუსეთში ხორბლის მოსავლის პროგნოზი 80,7 მილიონ ტონამდე შეამცირა, წინა პროგნოზით ნავარაუდევი 82,1 მილიონი ტონიდან.
ნეგატიური მოლოდინი უკავშირდება ნათესების მდგომარეობის გაუარესებას და მოსავლიანობის შემცირებას, ცხელი და მშრალი ამინდის, ასევე მაისის ყინვების გამო. საგაზაფხულო ხორბლის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში, ციმბირში თესვის ტემპი დაბალია.
უკრაინას კი მოსავლის შემცირებასთან ერთად, მარცვლეულის ხარისხის გაუარესება ემუქრება.
უკრაინაში ხორბალმა წელს ბევრ ფერმერს ნულოვანი მოგება მოუტანა.
უკრაინაში შიშობენ, რომ ასეთი ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციას დაკარგავენ და მათ ადგილს აგრესორი რუსეთი დაიკავებს.
როგორია ფასის პროგნოზი?
ნავარაუდევია, რომ ხორბლის გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა, რაც სხვა მსხვილ მწარმოებლებშიც (ავსტრალია და ინდოეთი) პრობლემური სეზონებით იქნება გამოწვეული.
ხორბლის ფიუჩერსებმა მაისი მკვეთრი გაძვირების შემდეგ, ივნისში კლება დაიწყო და ერთი ბუშელის ფასი $6,2-მდე ჩამოვიდა, რაც ყველაზე დაბალია ბოლო თვეში და აგრძელებს კლებას. მაისის ბოლოს ხორბლის ფასი 10 თვის მაქსიმუმზე, $7,2 -ზე იყო.
ფასის კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაუმჯობესებული მიწოდების ნიშნები გაჩნდა. აშშ-ში ზამთრის ხორბლის მოსავლის 6% აღებულია, რაც 5 წლიან საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს.
ამ მონაცემმა გადაფარა ნეგატიური ინფორმაცია რუსეთიდან, სადაც მშრალმა ამინდმა და ყინვებმა შეამცირა მოსავლის პროგნოზი და ამ კვირაში სიცხემ შეიძლება კიდევ უფრო იმოქმედოს მოსავალზე.