გერმანული სახელმწიფო კომპანია Securing Energy for Europe GmbH, რომელიც ადრე რუსულ Gazprom-ს ეკუთვნოდა, ციმბირში იამალის ქარხნიდან თხევადი გაზის შესყიდვას გეგმავს.
როგორც Bloomberg წერს, თხევადი აირის (LNG) პირველი ნაკადის რუსეთიდან ტრანსპორტირება, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს მოხდება.
SEFE-ის სატვირთო გემი 1-ელ ოქტომბერს აიღებს რუსულ ტვირთს და, ბელგიის პორტის გავლით, ამ თვის ბოლოს ინდოეთში ჩაიტანს.
გერმანიამ კომპანია SEFE-ის ნაციონალიზაცია გასულ წელს მოახდინა, როცა ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა.
კრიტიკოსების შეფასებით, გერმანული სახელმწიფო კომპანიის ქმედება ეწინააღმდეგება გერმანიის დაპირებას, რომ არ განაახლებდა რუსული გაზის შესყიდვას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო.
ევროკავშირი სულ უფრო მეტად იყენებს თხევად გაზს მას შემდეგ, რაც რუსეთმა გასულ წელს მკვეთრად შეზღუდა აირის მილსადენით მიწოდება.
ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ გაზარდა რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიას ადრე აქვს გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტი გაზპრომთან, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. ხელშეკრულება იამალიდან თხევადი აირის შეძენას ითვალისწინებს. მას ასევე აქვს ინდოეთის კომპანია GAIL-ისთვის მიწოდების გრძელვადიანი ვალდებულებები.
SEFE-ს, რომელიც ადრე Gazprom Germania-ად იწოდებოდა, რუსულ კომპანიასთან კავშირების გამო ფინანსური პრობლემები გასული წელს, ომის პირველ თვეებში შეექმნა.
კომპანიის გადასარჩენად გერმანიის მთავრობამ მისი ნაციონალიზაცია მოახდინა.
ნაციონალიზაციის შემდეგ, მოსკოვმა კომპანიას სანქციები დაუწესა და რუსულ LNG-ზე წვდომა შეწყვიტა. ივნისში რუსეთმა გერმანულ კომპანიას LNG-ის მიწოდებაზე აკრძალვა მოუხსნა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნები წელს აპირებენ თხევადი ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობით იმპორტს რუსეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავდა 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე ეტაპობრივად უარის თქმას.