გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაინერგება.
ამის შესახებ განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა, რომელიც გერმანიის მთავრობის მიერ ბათუმში დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო.
ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების პროექტი გულისხმობს უსაფრთხოების კამერების დაყენებას, შუქნიშნების მონტაჟს და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანსპორტო ქსელს იმ მონაკვეთებში, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთულია.
აღნიშნულ სისტემას აქვს ჰაერის დაბინძურების საზომი, რომლის მეშვეობითაც ხდება ჰაერის დაბინძურების კონტროლი. პროექტს გერმანული KFW €15 მილიონით აფინანსებს.
გერმანიის ელჩმა ბათუმში ელექტროავტობუსითაც იმგზავრა, რომელიც ბათუმში მგზავრებს უკვე ემსახურება. აჭარის დედაქალაქი გახდა საქართველოში პირველი, სადაც, ამ ტიპის ავტობუსები მოძრაობენ.
გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ბათუმში უკვე ფუნქციონირებს მძღოლების გადამზადების ავტოსკოლა.
„ავტოსკოლას, წლინახევრის წინ გაიხსნა და კარგი შედეგები მოგვცა. ავტოსკოლაში ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება. უკვე პირველი ქალი მძღოლი გვყავს. გადამზადების შედეგად გაიზარდა მძღოლების პროფესიული უნარ-ჩვევები და შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები“, – აღნიშნა BRG-თან ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორმა ლევან ლაზარიაშვილმა.
მისივე თქმით, ელექტროავტობუსის გამოყენების შედეგად, შემცირდა საწვავის ხარჯი, რამაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაახლოებით 5%-ის ეკონომია მისცა.
„სამომავლოდ სურვილი გვაქვს, გაიზარდოს ბათუმის ავტოპარკი და გახდეს მწვანე და ეკომეგობრული. ამ საკითხებს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, რადგან ქალაქი იზრდება ტურისტულადაც და მოსახლეობის რაოდენობითაც”, – აღნიშნა ლევან ლაზარიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ამჟამად 148 ახალი ავტობუსი მოძრაობს. აქედან, 100 დიზელის საწვავზეა, ხოლო 8 ელექტროავტობუსია.
„ავტობუსების შეძენა EBRD-ის დაფინანსებით განხორციელდა. ელექტროავტობუსებს ერთ ჯერზე 25 კილომეტრის გავლის რესურსი აქვთ, ყოველი მარშრუტის შემდეგ მისი ძრავა 10 წუთში იტენება და ამის შემდეგ ის გადის ხაზზე. ამ ავტობუსების მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობა, გამოსცემს ნაკლებ ხმას და დაბალი ემისია აქვს, რაც გარემოსთვის ნაკლებსაზიანოა“, – ამბობს ლევან ლაზარიაშვილი.