(პირველი ნაწილი)
წყალმომარაგება ბათუმს წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას უქმნიდა. დანაკარგი 90%-ს აღწევდა, შედეგად, სასმელი წყალი ქალაქის მცხოვრებლებს არაგეგმურად მიეწოდებოდა.
ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ის დაფინანსებით, გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო.
სისტემის რეაბილიტაციისთვის KfW-ის მიერ €141,1 მილიონი გამოიყო. სულ საუკუნის პროექტის დაფინანსება €165,7 მილიონი დაჯდა (თანხის ნაწილი ევროკავშირმა გრანტის სახით და ბათუმის მუნიციპალიტეტმა გამოიყო).
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 2023 წლის 14-15 ნოემბერს საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის გუნდის, KfW-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული ბათუმის წყლის სისტემა დაათვალიერა.
ბათუმის წყალმომარაგება
წლების განმავლობაში ბათუმში სასმელი წყალი იღვრებოდა ზედაპირული წყლის ობიექტებიდან (მდ. ჩაქვი და ჩაისუბანი).
ამის გამო ძალიან მაღალი იყო წყლის მოხმარება (700-800 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე დღეში).
ჭაბურღილების სატუმბი სიმძლავრე იმდენად დაბალი იყო, რომ სასმელი წყლის მიწოდება მოსახლეობის მხოლოდ ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. წყლის დაბალი წნევის გამო, ოჯახები იძულებულები იყვნენ, გამაძლიერებელი ტუმბოები გამოეყენებინათ.
ხშირად მცირე წვიმების დროს ქალაქი უწყლოდ რჩებოდა, რადგან წყლის გამწმენდი ობიექტი მდინარეების ამღვრეულ წყალს ვერ უმკლავდებოდა.
წყლის ხარისხი დაბალი იყო. ჩამდინარე წყლების სისტემა ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც წყვეტილ მიწოდებასა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას იწვევდა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას.
ძლიერი წვიმების გამო, ბათუმის მოსახლეობა არა მარტო წყლის გარეშე რჩებოდა, არამედ ქალაქის დიდი ნაწილი იტბორებოდა იმის გამო, რომ სანიაღვრე სისტემა მოუვლელი იყო და არ იწმინდებოდა.
წყალმომარაგების კომპანიას, რომელსაც იმ დროს ცენტრალური მთავრობა მართავდა, იყო არაეფექტური და დიდი დავალიანება გააჩნდა.
საუკუნის პროექტი
ქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარება გერმანული KFW-ის დაფინანსებით, გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო.
პროექტის პირველი ფაზა მოიცავდა ბათუმის ძველ ქალაქს და მიზნად ისახავდა მოსახლეობის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაუმჯობესებას. ამ ფაზას €22,1 მილიონი მოხმარდა, საიდანაც €17,1 მილიონი KFW -ის ფინანსური მხარდაჭერა იყო.
პროექტის მეორე ფაზის დროს, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკმა €45 მილიონით დააფინანსა, სარეაბილიტაციო სამუშაოები თანდათან გაფართოვდა და მოიცვა ქალაქის სამხრეთით მდებარე სანაპირო ზონებიც.
განხორციელდა ჩამდინარე წყლების ეკოლოგიური და ჰიგიენური გაწმენდა.
გაიწმინდა ჩაქვიდან ჩამომავალი წყლის რესურსი. პარალელურად განხორციელდა წყლის უძველესი რესურსის – ჩაისუბნის რეაბილიტაცია. ჩაისუბანი აღიარებულია ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობად და მის წყალს მოიხმარს ბათუმის მოსახლეობა.
2016 წლიდან ყველა მომხმარებლის დაერთება აღჭურვილია ინდივიდუალური წყლის მრიცხველებით.
პროექტის მე-3 ფაზას €46,4 მილიონი მოხმარდა. ამ თანხიდან €35 მილიონი KFW-მა გამოყო.
განხორციელდა ბათუმის ე.წ. „ჭაობის”, ბენზეს და სხვა ადგილების წყლის და წყალარინების რეაბილიტაცია, აჭარის ჩრდილოეთ სანაპიროს – ჩაქვის სოფლების ქსელის რეაბილიტაცია.
გერმანელი სპეციალისტების დახმარებით, დაიხურა და ექსპლუატაციაში შევიდა ქალაქთან ახლოს მიწისქვეშა ჭები.
მე-4 ფაზაზე გამოყოფილი €44 მილიონი მთლიანად KFW-ის დაფინანსება იყო.
განხორციელდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია ბათუმის ნახევრად ურბანულ რაიონებში. შემუშავდა სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოები გერმანელი კონსულტანტების დახმარებით მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა სანიტარული პირობები – რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაფართოვდა ჩამდინარე წყლების ქსელი ადგილობრივი პირობებისთვის ადაპტირებული ახალი გამწმენდი ნაგებობით.
პროექტის შედეგად, ბათუმის წყალმომარაგება 8 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა.
ამჟამად ბათუმი სუფთა სასმელი წყლით მარაგდება ორი რეზერვუარიდან –სალიბაურიდან და ბათუმის სამხრეთ ნაწილში მდებარე ინჯალოდან. თითოეული მათგანი 10 000 კუბ. მეტრის მოცულობისაა.
წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველ საათში ახორციელებს შპს ბათუმის წყლის ლაბორატორია, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა.