გერმანიაში ნავთობპროდუქტების იმპორტი ინდოეთიდან მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 1100%-ით გაიზარდა.
გერმანიის სტატისტიკის სამსახურის – Destatis მონაცემების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტმა იანვარ-ივლისში €451 მილიონი ($480 მილიონი) შეადგინა. 2022 წლის იმავე პერიოდში იმპორტი მხოლოდ €37 მილიონი იყო.
როგორც დასავლური მედია წერს, გერმანიაში შესული ნავთობპროდუქტები ძირითადად სანქცირებული რუსული ნედლი ნავთობისგან არის წარმოებული.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის ძირითადი შემსყიდველი გახდა. გერმანიაში თორმეტჯერ გაზრდილი იმპორტიც ამის შედეგია.
Destatis-ის თანახმად, ინდოეთის მიერ გერმანიაში ექსპორტირებული ნავთობპროდუქტები ნედლი ნავთობიდან არის მიღებული.
ევროკავშირმა, უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ, რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა, G7-ის პარტნიორებთან ერთად, რუსული ნედლი ნავთობის გასაყიდი ფასი ბარელზე $60-ით განსაზღვრა. ფასების ამ მექანიზმმა ინდოეთს საშუალება მისცა, რუსული ნედლი ნავთობი ფასდაკლებით შეეძინა. ის იაფად ყიდულობს ნედლ ნავთობს და შემდეგ, გადამუშავებული სახით, ევროპელ მომხმარებელს აწვდის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია კანონდარღვევა არ არის, ის ამცირებს სანქციების ეფექტურობას, რომლებიც მიზნად ისახავდა მოსკოვისთვის შემოსავლების შემცირებას.
ინდური ნავთობპროდუქტების გერმანიაში იმპორტის ზრდამ აჩვენა სანქციების დაბალი ეფექტურობა. რთული სათქმელია, როგორ გაუმკლავდება დასავლეთი ამ გამოწვევებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
როგორც ცნობილია, სულ უფრო მეტ რუსულ ნავთობს იყენებს ჩეხეთი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსული ნავთობის წილი მთლიან იმპორტში დაახლოებით 65%-ს შეადგენდა (2022 წელს – 56%).