გერმანია ამზადებს ახალ კანონს, რომელიც უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს.
კანონში ცვლილების მიზანი კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების შემსუბუქებაა, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს გამწვავდა. ქვეყნის მთავრობას ამგვარად სურს, რომ ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი კადრი მოიზიდოს.
კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებმა უახლოეს თვეებში უნდა განიხილონ, ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
- რეზიდენტ პირებს, შეეძლებათ მოქალაქეობის მისაღებად მიმართონ ქვეყანაში ცხოვრებიდან 5 წლის შემდეგ, 8 წლის ნაცვლად
- მათ, ვინც ინტეგრაციისთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, მაგალითად, გერმანულ ენას დაეუფლება, განაცხადის შეტანა 3 წლის შემდეგ შეეძლება.
ახალი კანონით, ასევე, გაუქმდება ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვაც. ემიგრანტებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აღარ მოუწევთ თავიანთი ქვეყნის ეროვნების დათმობა. ამჟამად ამის უფლება აქვთ მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონე პირებს ან მათ, ვისაც ერთი მშობელი ჰყავთ გერმანიიდან.
ეს იქნება კანადის ქულების სისტემაზე დაფუძნებული საიმიგრაციო რეფორმა, რაც ქვეყანაში შესვლას გაუადვილებს კვალიფიციურ მუშახელს. მათ აღარ დასჭირდებათ გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დოკუმენტის წარდგენა და საკმარისი იქნება სამუშაო გამოცდილების ქონა.
ახალი საიმიგრაციო რეფორმა ყველაზე დიდი ცვლილებაა 2000 წლის შემდეგ, როცა ემიგრანტი მშობლების ბავშვებისთვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების სისტემა ამოქმედდა. ამის მიუხედავად, გერმანიაში, სხვა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ბევრად მკაცრი სისტემა მოქმედებდა.
იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ გერმანული კომპანიების ნახევარზე მეტს უჭირს ვაკანსიების შევსება კვალიფიციური მუშაკების ნაკლებობის გამო.
ქვეყანა ებრძვის სამუშაო ძალის კრიზისს, რადგან ხანდაზმული დასაქმებულები სამსახურს ტოვებენ. მსგავსი პრობლემებია ბევრს სხვა ქვეყანაშიც, სადაც ცდილობენ, კვალიფიციური მუშაკების მიზიდვას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს მათ ეკონომიკაში.
დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი – ქვეყნის 80-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 12% ამჟამად ქვეყანაში გერმანული პასპორტის გარეშე ცხოვრობს.