შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეტევის უკან შესაძლოა, ჩინეთი იდგეს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა „აღმოაჩინა ანომალიური აქტივობა, რომლის დროსაც სუბიექტი ცდილობდა, გაეტეხა სახელმწიფო დეპარტამენტის ელექტრონული სისტემები”.
მისი თქმით, სისტემების დასაცავად სასწრაფო ზომები მიიღეს და დაუყოვნებლივ აცნობეს Microsoft-ს. მილერმა მიუთითა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ეს გასულ თვეში მოხდა.
The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა შეაღწიეს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის – ჯინა რაიმონდოს და სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ჩინოვნიკების წერილებში, სახელმწიფო მდივნის – ენტონი ბლინკენის პეკინში ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე.
გამოცემის ცნობით, ჩინელი ჰაკერები, სავარაუდოდ, დაკავშირებულები არიან ჩინელ სამხედროებთან ან ჯაშუშურ სამსახურებთან. გამოძიება გრძელდება, თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მცირეა ალბათობა, რომ ჰაკერებმა საიდუმლო ელ.ფოსტაში შეღწევა და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა შეძლეს.
რამდენიმე დღის წინ Microsoft-მა განაცხადა, რომ ჩინეთიდან ჰაკერულმა ჯგუფმა გატეხა ელექტრონული ფოსტის ანგარიშები, რომლებიც დასავლეთ ევროპის სამთავრობო უწყებებთან არის დაკავშირებული.
როგორც ცნობილია, ვილნიუსის სამიტის წინა დღეს ორი კიბერშეტევა განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა NATO-ს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უკრაინაში იარაღის მიწოდების შესახებ მონაცემების გავრცელება.