ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში 18 აფთიაქი დახურა.
აფთიაქები თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მუშაობდნენ და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოდ ყიდდნენ.
„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია”, – წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.