მთავრობა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის შეცვლას გეგმავს. შეიცვლება გაზსაცავის ზომაც და ადგილმდებარეობაც.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის – რომეო მიქაუტაძის თქმით, სამგორში, სადაც ენერგეტიკული ობიექტის აშენება იყო დაგეგმილი, სეისმური რისკები არსებობს, ამიტომ პროექტი ვერ განხორციელდება. შეიცვლება გაზსაცავის მოცულობაც (პროექტის მიხედვით, გაზსაცავის მოცულობა 250 მილიონ კუბ. მეტრამდე უნდა ყოფილიყო, რაც, გაზის კორპორაციის თქმით, საქართველოს წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია) და ის შედარებით მცირე ზომის იქნება.
როგორც ირკვევა, მთავრობა ერთ-ერთ ალტერნატივად ასევე განიხილავს შავ ზღვაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განახლებული პროექტის კონცეფცია ეკონომიკის სამინისტროს დაახლოებით ერთ თვეში მზად ექნება. ამის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება, სად და რა ტიპის ენერგოობიექტი აშენდება.
მიქაუტაძის თქმით, პროექტს USAID ამუშავებს, თუ რა ზომის გაზსაცავის მშენებლობა იქნება გამართლებული.
„საქართველოს გაზის მეტი მარაგის საჭიროება აქვს, თუმცა, არა იმ მოცულობის, რაც არსებული პროექტით იყო გათვალისწინებული. ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბევრად უფრო პატარა გაზსაცავის მშენებლობით, რაც პროექტის გაიაფებას გამოიწვევს. თუ წინა პროექტით განსაზღვრული იყო, რომ სამი თვის სამყოფი მარაგი უნდა ყოფილიყო, ეს მოცულობა შეიძლება შემცირდეს ერთ თვემდე ან 20 დღემდე. ვფიქრობთ, ეს უფრო რენტაბელური ხარჯი იქნება“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი, შავ ზღვაში მიწისზედა თხევადი ტერმინალის მოწყობის პროექტი, რაც შეიძლება, უფრო მარტივი გამოსავალი იყოს ქვეყნისთვის.
გაზსაცავის პროექტი საქართველოში წლებია არსებობს. მაგრამ მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა.
გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი მთავრობამ 2020 წელს პანდემიის ხარჯებს მოახმარა.
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე იგეგმებოდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს უნდა დაწყებულიყო. ხოლო პროექტი ექსპლუატაციაში 2025 წელს შევიდოდა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არა აქვს,