ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენზე გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთს შეუწყდა გაზის მიწოდება რუსეთიდან. ინფორმაცია Gazprom Armenia-მა გაავრცელა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 4 მაისიდან უნდა აღდგეს. მანამდე მომხმარებლების მომარაგება შიდა რესურსების გამოყენებით განხორციელდება.
რუსული Gazprom სომხეთისთვის აირის ერთადერთი მიმწოდებელია. სადისტრიბუციო ქსელის ოპერირებას სომხეთში გაზპრომის შვილობილი კომპანია ახორციელებს.
ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენი რუსეთიდან საქართველოში დარიალის ხეობიდან შემოდის და რუსულ ქსელს სომხეთთან აკავშირებს.
2017 წლამდე საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით, გატარებული აირის მოცულობის 10%-ს ნატურალური ფორმით იღებდა, ხოლო 2018 წლიდან ანაზღაურება სრულად ფულადი სახით ხორციელდება.