რუსეთის მცდელობა, შექმნას გაზის ჰაბი თურქეთში, უთანხმოების გამო შეფერხებულია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მოსკოვი და ანკარა ჰაბზე კონტროლის მოპოვებაზე ვერ თანხმდებიან.
„ისინი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ უნდა მართოს ჰაბი”, – უთხრა ანონიმურმა წყარომ Reuters-ს.
რატომ იქმნება გაზის ჰაბი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზის ჰაბის შექმნის იდეა 2022 წლის ოქტომბერში გაახმოვანა მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის გაზსადენი აფეთქების გამო დაზიანდა (გაზსადენი რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს ბალტიის ზღვის გავლით).
მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს რუსული აირის შესყიდვები, რუსეთმა გადაწყვიტა, ბუნებრივი აირი ექსპორტზე თურქეთის გავლით გაიტანოს. ის გეგმავს, თურქეთიდან გაზი იმ ქვეყნებს მიაწოდოს, რომლებსაც არ სურთ მისი პირდაპირ გაზპრომისგან ყიდვა. თურქული გაზის ჰაბის შექმნით და სხვა წყაროების საწვავის შერევით, მოსკოვი ბუნებრივი აირის წარმომავლობის დამალვას შეძლებს.
პუტინმა ივლისში თქვა, რომ გაზის ჰაბის შექმნა კვლავ დღის წესრიგში იყო და რუსეთს სურდა თურქეთში ბუნებრივი აირის სავაჭრო ელექტრონული პლატფორმის შექმნა.
4 სექტემბერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ გაზპრომმა ჰაბის რუკა თურქულ ენერგეტიკულ კომპანია BOTAS-ს წარუდგინა.
თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები ვერ მორიგდნენ გაზის ჰაბის მენეჯმენტის საკითხზე.
როგორც მედია წერს, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა ბოლო პერიოდში რამდენიმე საკითხზე დაიძაბა. მათ შორის უთანხმოება გამოიწვია რუსეთის გადაწყვეტილებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ.
ამასთანავე, თურქეთი თავად ცდილობს ევროპაში ბუნებრივი აირის გაყიდვას. BOTAS-მა აგვისტოში შეთანხმება გააფორმა უნგრეთის MVM-თან დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიყიდვის შესახებ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთი არამეზობელ ქვეყანასთან შეთანხმდა გაზის ექსპორტზე. ეს შეიძლება მიუთითებდეს მის სურვილზე, გაზარდოს ევროპაში აირის მიწოდება.
რუსეთი გაზს ევროპას, ძირითადად, უკრაინის გავლით აწვდის – დღიურად 40 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს, იმავე მარშრუტით, რაც უკრაინის კონფლიქტამდე მოქმედებდა.
აგვისტოში გაზპრომმა ევროკავშირს უკრაინისა და თურქული ნაკადის მეშვეობით დაახლოებით 2,84 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. აქედან 1,54 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთის, ხოლო 1,3 მილიარდი კუბური მეტრი უკრაინის გავლით გაიგზავნა.
2022 წელს რუსეთიდან გაზის ექსპორტი თითქმის განახევრდა. ბევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ შეწყვეტს ან შეზღუდავს ნავთობისა და გაზის იმპორტს რუსეთიდან მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად. დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც რუსული გაზის იმპორტს მცირე რაოდენობით ახორციელებდა, მთლიანად შეწყვიტა მისი მიღება.
ევროკავშირმა მარტში განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ორი მესამედით შეამცირებს გაზის იმპორტს რუსეთიდან. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ევროპაში რუსული აირი მაინც აღწევს, უმეტესად ინდოეთის გავლით.