გაერომ თურქეთის მონაწილეობით მარცვლეულის შეთანხმების გასაახლებლად რუსეთისთვის ახალი შეთავაზება მოამზადა: როსელხოზბანკის შვილობილი კომპანიის – SWIFT-ის სისტემაში ჩართვა და სასუქების მწარმოებელი რუსული კომპანიების ევროპაში გაყინული აქტივების განბლოკვა.
ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმაც განაცხადა მოსკოვში სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ეს შეიძლება მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის საფუძველი გახდეს.
თურქმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ შეთანხმების სხვა საკითხები, რომლებიც უსაფრთხოებას და ხარჯებს უკავშირდება, მოუგვარებელია.
მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის რუსეთის მოთხოვნებს შორის იყო როსელხოზბანკის SWIFT სისტემასთან ხელახალი დაკავშირება, რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების განახლება, გემების დაზღვევაზე შეზღუდვების მოხსნა.
17 ივლისს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების შესახებ განაცხადა და დაემუქრა შეთანხმების მხარეებს. ამის შემდეგ, მოსკოვმა ოდესისა და დუნაის პორტების საპორტო ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვა განახორციელა.