წითელ ზღვაში გადაზიდვის ხარჯები 310%-ით არის გაზრდილი გასული წლის ნოემბრის შემდეგ.
სწორედ ამ დროიდან იემენის ჰუთებმა აუკრძალეს გადაადგილება სუეცის არხის მიმართულებით ყველა გემს, რომლებიც ისრაელთან იყვნენ დაკავშირებული.
შანხაის საკონტეინერო ტვირთის ინდექსი (SCFI), რომელიც საზღვაო ტრანსპორტის ხარჯების ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს, $3,101-მდე გაიზარდა 20 ფუტის კონტეინერისთვის. ეს 16%-იანი ზრდაა წინა კვირას დაფიქსირებული $2,871-თან შედარებით, ხოლო ნოემბრის თვის შემდეგ 310%-იანი გაძვირებაა.
წითელ ზღვაში გადაადგილება კვლავ სახიფათოა. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აგრძელებენ შეტევებს ჰუთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის დასაცავად.
მსოფლიოს უდიდესმა გადამზიდავებმა წითელ ზღვაში გადაადგილება შეწყვიტეს.
მათ საკუთარი გემების აფრიკის შემოვლითი მარშრუტისკენ გადაამისამართეს. ალტერნატიული მარშრუტები კი მნიშვნელოვნად ზრდიან გადაზიდვის დროსა და ხარჯებს.
ტრანსპორტირების გაძვირებას ფასების ზრდა მოჰყვება ბევრ ქვეყანაში. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ინფლაციის ზრდას და მაღალი საკრედიტო განაკვეთების შენარჩუნებას ვარაუდობენ.