დიდი ბრიტანეთის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის მარაგები კრიტიკულად შემცირდა, ზამთრის სიცივეებისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რაც უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტამ გამოიწვია. ამის შესახებ იტყობინება Centrica, დიდი ბრიტანეთის გაზის შენახვისა და მიწოდების კომპანია.
Centrica-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარაგების კლება უკავშირდება “ტემპერატურის ვარდნას და გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებზე გაზრდილ მოთხოვნას”.
კომპანიის ინფორმაციით, გაზსაცავებში აირის დონე განახევრებულია, რაც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მაქსიმუმ ერთ კვირის განმავლობაში ეყოფა.
ასევე განმარტა, რომ საცავის შევსება ბუნებრივი აირის გაძვირების გამო გართულებულია.
ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს დაამშვიდოს მოსახლეობა და აცხადებს, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, რადგან ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა დივერსიფიცირებულია.
National Gas-მა, რომელიც ფლობს გაერთიანებული სამეფოს გაზის ქსელს, თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო აირს „სხვადასხვა წყაროებიდან“ იღებს და ის ზამთრის გადასატანად საკმარისი იქნება.
დიდი ბრიტანეთი ბუნებრივი აირით უმეტესად ჩრდილოეთის ზღვის საბადოებიდან მარაგდება, ხოლო თხევადი აირის იმპორტი აშშ-დან და კატარიდან ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტამ შესაძლოა ფასები გაზარდოს, რადგან მოთხოვნა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე იზრდება.