დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნებს რუსეთთან მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ აფრთხილებს
ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს განზრახვა, განახორციელოს შეტევა დასავლეთის ქვეყნების წყალქვეშა ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ხაზებზე და მას ამის გაკეთების უნარიც შესწევს. ამის შესახებ Sky News იტყობინება.
ამასთან ერთად, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მოკავშირეები უფრო დიდი გლობალური კონფლიქტის შესახებ გააფრთხილა, რომელიც რუსეთს შეუძლია, ათწლეულის ბოლომდე გამოიწვიოს.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსებს აქვთ სპეციალური საზღვაო პროგრამა, რომელიც შექმნეს მოწინააღმდეგეების კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესასწავლად, აგრეთვე, პოტენციურად საბოტაჟის ან თავდასხმისთვის”, – განაცხადა უოლესმა
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას აქვს არაერთი წყალქვეშა ნავი და სხვა აღჭურვილობა, ასევე, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ჯაშუშური ხომალდები.
რუსეთის მხრიდან გაზრდილ რისკზე, NATO-ს დაზვერვაც მიუთითებს. ალიანსი ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია, დააზიანოს წყალქვეშა კაბელები, რათა ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის დასაჯოს.
დიდმა ბრიტანეთი აპირებს, შეიძინოს ორი სპეციალიზებული გემი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად.
Financial Times წერს, რომ უოლესი საუბრობს რუსეთთან უფრო დიდი კონფლიქტის რისკზე, რომელიც უკრაინაში ომზე გაცილებით მასშტაბური იქნება. მან ასევე მიუთითა საფრთხეებზე, რომელიც მოჰყვება „ჩინეთის აღზევებას“ და ექსტრემიზმის გავრცელებას აფრიკაში.
„ვფიქრობ, რომ კონფლიქტი ახლოვდება არაერთ მოწინააღმდეგესთან… ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ მზად ამისთვის“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.