ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ. ამის შესახებ მან X-ზე საკუთარ გვერდზე დაწერა.
აქტივებიდან მობილიზებული თანხა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი ევრო იქნება.
„დღეს მე წარმოვადგინე უმაღლესი წარმომადგენლის წინადადება საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გამოიყენოს რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები უკრაინის გამარჯვებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, – დაწერა მან.
ბორელმა განმარტა, რომ წინადადება ითვალისწინებს დაფინანსების 90%-ის ევროპის მშვიდობის ფონდიდან და 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფას.
„მოუთმენლად ველი საბჭოს მიერ მის სწრაფ მიღებას. ეს გამოავლენს ევროკავშირის ერთიანობას და მზადყოფნას მხარი დაუჭიროს უკრაინას და მის ხალხს“, – წერს ბორელი.