ბილ გეითსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების შედეგად, შესაძლებელი იქნება სამდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა.
ამის შესახებ მან 21 ნოემბერს Spotify-ზე გამოქვეყნებული პოდკასტის What Now?ინტერვიუში განაცხადა.
Microsoft-ის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ მომავალში ადამიანებს „არ მოუწევთ ამდენი შრომა“. მან ივარაუდა, რომ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც „მანქანები აწარმოებენ მთელ საკვებს და ყველაფერს“.
გეითსი ივლისში გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ „ხელოვნურ ინტელექტს ისეთი დიდი გავლენა არ ექნება, როგორც ეს ინდუსტრიულმა რევოლუციამ მოახდინა, მაგრამ ის ისეთივე დიდი იქნება, როგორც პერსონალური კომპიუტერის გამოჩენა“.
ოქტომბერში ფინანსური კორპორაციის – JPMorgan-ის ხელმძღვანელმა ჯეიმი დიმონმა ასევე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად სამუშაო კვირის ხანგრძლივობა შემცირდება.
„თქვენი შვილები იცოცხლებენ 100 წლამდე და არ დაავადდებიან კიბოთი ტექნოლოგიების წყალობით და, სავარაუდოდ, კვირაში სამ დღეზე ცოტა მეტს იმუშავებენ”, – თქვა მან Bloomberg-თან ინტერვიუში.
როგორც ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, დასაქმებულებს ეშინიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურიდან დაითხოვენ ან ხელფასებს შეუმცირებენ.
შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა 79%-მა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამო ხელფასების შემცირების ეშინია.
2023 წლის მარტში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა და ათასზე მეტმა ექსპერტმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც ითხოვდნენ, მინიმუმ ექვსი თვით შეჩერებულიყო ხელოვნური ინტელექტის განვითარება, სანამ უსაფრთხოების პროტოკოლები არ შეიქმნებოდა.
ბილ გეითსი მათ მოთხოვნას არ შეუერთდა და თქვა, რომ ასეთი შიშები „პრობლემას არ გადაჭრის” და რომ ხელოვნური ინტელექტი სარგებელს მოუტანს კაცობრიობას.