ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. ოთხშაბათს Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე $73,36 ღირდა, რაც წინა ვაჭრობისას დაფიქსირებულ ფასზე $0,39-ით ნაკლებია.
WTI ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) $69,91-მდე გაიაფდა, რაც მინიმალური ფასია 13 დეკემბრის შემდეგ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან Brent 2,6%-ით დაეცა, WTI – 1,06%-ით.
ნავთობის გაიაფება დაკავშირებულია ნავთობის უდიდესი იმპორტიორი ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის შესუსტებასთან.
ბიზნეს აქტივობის ინდექსი შემცირებულია აშშ-ს წარმოების სექტორშიც. აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ რჩება 50 პუნქტზე ქვემოთ (აგვისტოში ბიზნეს აქტივობის ინდექსმა 47,2 შეადგინა), რაც აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.
ნავთობის ფასის კლებას გზა გაუხსნა მოლოდინმა, რომ ლიბიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების ხელისუფლებას შორის დაპირისპირება მალე მოგვარდება. როგორც ცნობილია, ნავთობის საბადოების გაყოფაზე დაწყებულმა დავამ გამოიწვია ნავთობის მოპოვების შეჩერება ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც მისი ძირითადი რეზერვები მდებარეობს. ნავთობის დილერები იმედოვნებენ, რომ ლიბია მალე განაახლებს ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს ქვეყნის აღმოსავლეთიდან. ეს განწყობა ბირჟებზე ნავთობის ფასზეც სესაბამისად აისახება.