საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკებში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 183,38 მილიონი ლარით გაიზარდა და 50,60 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში საბანკო ანაბრების ზრდის მაჩვენებელი ბევრად მეტს – 581.85 მლნ ლარს შეადგენდა.
დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 668,2 მილიონი ლარით, ანუ 3,34%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,97%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851,58 მილიონი ლარით, ანუ 2,80%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3,16%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.27%, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2% შეადგინა.
ანაბრების სარგებელი
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,55% შეადგინა. მათ შორის, ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე კომერციული ბანკების საშუალო სარგებელი 10,79% იყო (ნოემბერში 10,93%-ს შეადგენდა).
ხოლო უცხოურ ვალუტაში საშუალო განაკვეთი 2,18%-მდე გაიზარდა (ნოემბერში განაკვეთი საშუალოდ 1,68% იყო).