მსესხებლებისთვის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადა 3-დან 4 წლამდე გაიზრდება. ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.
რეგულაციის შემსუბუქების გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო.
სამომხმარებლო სესხის ვადა 3 წლამდე 2022 წლის 15 აგვისტოს შემცირდა პოტენციური მსესხებლის წინასწარ გაუფრთხილებლად.
აღნიშნული ინსტრუმენტი მარეგულირებელმა მაშინ დაკრედიტების შემცირების მიზნით მიიღო, რადგან ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობა გაზრდილი იყო, რაც ინფლაციას დამატებით ბიძგს აძლევდა.
რეგულაციის შემსუბუქებას კომერციული ბანკები სებ-ს დიდი ხანია სთხოვენ, რადგან გამკაცრებული რეგულაციის გამო სესხებზე მოთხოვნა შემცირდა, რაც ბანკების შემოსავლებზე უარყოფითად აისახა.
ამ საკითხზე ეროვნულ ბანკში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მორიგების პროცესი გააქტიურდა სებ-ის მიერ იმ სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელიც სანქციების დაწესების წესში გამონაკლისის დაშვებას შეეხებოდა და რასაც წესით, საბანკო სექტორის მხრიდან წინააღმდეგობა უნდა მოჰყოლოდა.
თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა და სებ-მა ბანკებისთვის რეგულაცია შეამსუბუქა.
ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება ასე განმარტა:
„ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც.
მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ანუ მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია. 2023 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.6% შეადგინა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, რასაც მაღალმა ეკონომიკური ზრდამ და გაცვლითი კურსის გამყარებამ შეუწყო ხელი. აღნიშნულის კვალდაკვალ, 2023 წლის მეორე კვარტალში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება.
კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის არსებულ დონესთან შედარებით ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.
საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება.
სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა”, – წერია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.