ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აპრილში ბანკების საკრედიტო პორტფელმა 44.77 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს წინა თვესთან შედარებით 100 მილიონი ლარით ნაკლებია.
სასესხო პორტფელის კლება დოლარში გაცემული კრედიტების შემცირებამ განაპირობა. სებ-ის ინფორმაციით, ლარით გაცემული კრედიტების მოცულობა 139 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 239 მილიონი ლარით შემცირდა, რაც ლარის გამყარებას უკავშირდება.
ლარის გამყარების ფონზე, გაზრდილია სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი, რაც 55.89%-ს შეადგენს. ეს წინა თვესთან შედარებით, 0.44%-ით მეტია. წლიურ ჭრილში სესხების ლარიზაცია 5.82%-ით არის გაზრდილი.
სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში 71 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ეკონომიკური სექტორის დაკრედიტება და აპრილის ბოლოსათვის 24.15 მილიარდი ლარი შეადგინა.