ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შეამცირა.
აღნიშნული ცვლილებით სებ-ი ეცდება, ადგილობრივ ბაზარს გააჩნდეს დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში. ასევე ჰქონდეს მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე.
საბოლოოდ სებ-ის ამ მექანიზმით, ეკონომიკას ვალუტაში დამატებითი ფინანსური რესურსი უნდა გაუჩენდეს.
მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის – 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის – 0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის – 0.75%, 2027 წლის 15 მარტისთვის – 1%.
რისთვის იყენებს ეროვნული ბანკი კონტრციკლურ ბუფერს
ბუფერის ინსტრუმენტს სებ-ი იყენებს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს.
ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას.
უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.
კონტრციკლური ბუფერი რისკის მიხედვით განისაზღვრება მთლიანი აქტივების 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. მას სებ-ი ყოველკვარტალურად ადგენს და ცვლილების შემთხვევაში ხდება კონტრციკლური ბუფერის 0.25%-ით ზრდა ან შემცირება.
განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, კაპიტალის მოთხოვნის დაცვა უნდა მოხდეს 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
ბუფერის დადგენისას, სებ-ი ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: სესხების მშპ-თან თანაფარდობა, საკრედიტო ტენდენციები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური გარემოს მახასიათებლები და სხვა.