აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ $96 მილიარდიან ფინანსურ პაკეტს, რომელიც უკრაინის, ტაივანისა და ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს.
აქედან $61 მილიარდი იქნება უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.
”ეს კარგი დღეა ამერიკისთვის, ევროპისთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის… ეს არის ის, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება… ეს გახდის ამერიკას უფრო უსაფრთხოს, ის გახდის მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა პაკეტზე ხელმოწერისას და დაამატა, რომ ფინანსური დახმარება უკრაინას რამდენიმე საათში გაეგზავნება.
მანამდე, 23 აპრილს ფინანსური პაკეტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი ასევე ემზადება $1 მილიარდის გასაგზავნად უკრაინაში, რომლითაც პირველად გახდება შესაძლებელი ATACMS-ის რაკეტების მიღება.