აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ზღუდავს ჩინეთში ამერიკულ ინვესტიციებს გარკვეულ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებში.
თეთრმა სახლმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
საინვესტიციო შეზღუდვები ვრცელდება იმ სფეროებზე, რომლებიც დაკავშირებულია „საიდუმლო ტექნოლოგიებთან, რომლებიც მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.
ასეთი კი არის: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეზღუდვის გამოყენებით აშშ შეეცდება, ხელი შეუშალოს უცხო ქვეყნებს, გამოიყენონ ამერიკული ინვესტიციები ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებსაც ზოგიერთი ქვეყანა სამხედრო, სადაზვერვო, სათვალთვალო და კიბერ შესაძლებლობების განვითარებისთვის იყენებს და რომლებიც საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
განკარგულების დანართში ასეთ ქვეყნად მითითებულია ჩინეთი, ასევე ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები – ჰონგ კონგი და მაკაო.
აღნიშნული ზომებით აშშ შეეცდება, გააკონტროლოს ჩინეთის მიერ კომპიუტერული ჩიპების ექსპორტი. სპეციალისტების თქმით, შეზღუდვების არეალი სამომავლოდ გაფართოვდება და სხვა სექტორებსაც მოიცავს.
როგორც ამერიკული მედია წერს, ჩინეთმა გამოიყენა ამერიკული ინვესტიციები იარაღის წარმოებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის.
ჩინეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ პეკინი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ამ ნაბიჯით.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 89%-ით შემცირდა ($4,9 მილიარდამდე).