2024 წლის II კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა.
Galt&Taggart– ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (- 3.3% და -11.0% წ/წ, შესაბამისად).
გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა რაიონში ახალი ბულვარის გარდა (+4.9% წ/წ).
ჯამურად ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15.1%-იანი შემცირებაა წინა წლის პირველი ნახევრის მაღალი ბაზის ფონზე.
რამ გამოიწვია გაყიდვების კლება? ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედებს მიგრანტების ეტაპობრივი გადინება და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რაც უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს. გაყიდვების კლების ერთ-ერთი მიზეზი არის მაღალი ფასიც.
უძრავი ქონების ფასი იზრდება
ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა.
ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ.
2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ $229.7 მლნ-ის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს.
ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული.
ახალი მშენებლობები პერიფერიებში ინაცვლებს
ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა.
ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი).