სომხური საინფორმაციო სააგენტო არმენპრესი წერს, რომ საზღვაო ტვირთების გადაზიდვა დაიწყო ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მარშრუტით, რაც ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა იქნება.
აღნიშნულ საზღვაო მიმართულებაზე მოხდება ტვირთების გადაზიდვა სომხეთიდან რუსეთში და პირიქით. სომხური გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მიმართულება ტვირთების მოძრაობას გაამარტივებს, რადგან ზემო ლარსის გზაზე მანქანების ნაკადის მატება და შეფერხებებია. ამასთან, არახელსაყრელი ამინდის გამო სატვირთო მანქანებს ხშირად ლოდინი კვირების განმავლობაში უწევთ. შედეგად, მეწარმეები მნიშვნელოვნად ზარალდებიან, როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. საზღვაო გზით კი ტვირთი დანიშნულების ადგილამდე 20-24 საათში მივა.
სომხური წყაროს ცნობით, მხარეები დიდი ხანია ცდილობენ ალტერნატივის მოძებნას, კერძოდ, საზღვაო მარშრუტს.
საზღვაო მარშრუტზე ოპერირებას სომხური კომპანია CE&M INTERNATIONAL ახორციელებს და კომპანიამ აპრილიდან დღემდე, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მარშრუტზე ტვირთი უკვე 2-ჯერ გადაზიდა.
ტვირთების გადაზიდვა სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე უნდა განხორციელდეს.
საქართველოს მთავრობას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.