გასულ კვირას გამოქვეყნდა ამერიკის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც მოლოდინზე მეტი, წლიური 4.7% შეადგინა (პროგნოზი 4.3% იყო). ფასის ზრდა დაფიქსირდა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ეხება მომხმარებელს. შესაბამისად, მაღალმა ინფლაციამ შექმნა მოლოდინი, რომ მონეტარული პოლიტიკა ან მეტად გამკაცრდება ან უფრო დიდ ხანს გასტანს.
ამან, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი გავლენა იქონია აქციების ბაზრებზე. S&P 500 კვირის განმავლობაში 2.7%-ით შემცირდა, NASDAQ 100 3.1%-ით, Dow Jones 30 კი 3%-ით.
აღსანიშნავია, რომ უარყოფით ინფორმაციას ყველა სექტორზე თანაბარი გავლენა არ მოუხდენია. მაგალითად, ყველაზე ციკლური სექტორები (კომუნიკაციები და სამომხმარებლო ციკლური) 5%-ზე მეტად შემცირდა კვირის განმავლობაში, ხოლო სამომხმარებლო არაციკლური კი მხოლოდ 1.3%-ით. ამ სექტორში შემავალი 10 ყველაზე დიდი კომპანიის აქციების საშუალო ფასი უცვლელი დარჩა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს კომპანიები პირველადი მოხმარების პროდუქციას აწარმოებენ და როგორც წესი, სტაბილური მოთხოვნით გამოირჩევიან. როგორებიც არიან Walmart, Coca-Cola, PepsiCo და Costco. ასევე, აწარმოებენ საყოფაცხოვრებო პროდუქციას, პირადი მოხმარების პროდუქტებს, სასმელს, თამბაქოს. ამიტომ არის ამ კომპანიების აქციები სტაბილური და რატომ გამოიყენება ისინი რისკის შესამცირებლად საინვესტიციო პორტფელში.