აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა აშშ-ის სახელმწიფო ვალის ლიმიტის გააზრდის ბოლო ვადად 1-ელი ივნისი კიდევ ერთხელ დაასახელა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დეფოლტის საფრთხე შეექმნება.
მან კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში მიუთითა, რომ ხაზინა ყველა ხარჯის გასტუმრებას ივნისისთვის ვერ შეძლებს, თუ ვალის ლიმიტი არ გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ვალის ლიმიტის გაზრდას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან. მათ წინა კვირას ვალის საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტეს და მიზეზად ბაიდენის გუნდის წევრების „უგუნური” საქციელი დაასახელეს და დემოკრატები უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის სერიოზული უთანხმოებაა და შეთანხმების მიღწევა რთული იქნება.
ჯო ბაიდენი, რომელიც იაპონიაში, G7-ის საერთაშორისო ლიდერების სამიტზე იმყოფებოდა, ვიზიტი შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნდა, რესპუბლიკელებთან შეთანხმების მისაღწევად.
რესპუბლიკელები კვლავ დაჟინებით მოითხოვენ, რომ ბაიდენი დათანხმდეს ხარჯების შემცირებას, სანაცვლოდ, ისინი ვალის ჭერის აწევას დაუჭერენ მხარს.
იელენის მოადგილემ უოლი ადეემომ აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ვალის „ჭერი” არ აიწევს, ეს გამოიწვევს რეცესიას, რაც დააზარალებს მცირე ბიზნესს და კომპანიების მასობრივად დახურვას გამოიწვევს.
„კონგრესმა უნდა მიიღოს ზომები სახელმწიფო ვალის ლიმიტის გასაზრდელად, ხალხის და მცირე ბიზნესის დასაცავად, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკური პროგრესის შესანარჩუნებლად”, – თქვა მან.
რესპუბლიკელები გასულ კვირას საბიუჯეტო ვალის ლიმიტის გაზრდის საკითხზე პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდნენ, თუმცა, შეთანხმება არ შედგა.
ბაიდენმა ჯერ კიდევ იაპონიაში ვიზიტის დროს მწვავედ გააკრიტიკა კონგრესის რესპუბლიკელი დეპუტატები და თქვა, რომ აშშ-ის დეფოლტის საკითხი მისთვის ზიანის მისაყენებლად სჭირდებათ.