აშშ-ის სენატმა დღეს, 8 თებერვალს, კენჭი უნდა უყაროს საგარეო დახმარების კანონპროექტს, რომელიც უკრაინას, ისრაელს და ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებს(ტაივანი)მოიცავს.
გადაწყდა, რომ საიმიგრაციო რეფორმის საკითხს(მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება), რაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირებას იწვევს, ცალკე განიხილავენ.
ამის შესახებ უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ვინაიდან დიდი პაკეტის კენჭისყრა ჩავარდა, ასიგნებების კომიტეტმა გამოაქვეყნა დოკუმენტის „ჩანაცვლების“ ტექსტი, რომელიც უკრაინისთვის $60,06 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. ელჩის თქმით, კანონპროექტის მხარდაჭერას 60 ხმა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, აშშ-ს სენატში ჩავარდა მიგრაციის პოლიტიკის კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელის და ტაივანის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებდა. საუბარია $118 მილიარდიან პაკეტზე, საიდანაც $60 მილიარდზე მეტი უკრაინას და 14 მილიარდზე მეტი ისრაელს უნდა გამოუყონ.
მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონპროექტის ჩავარდნაში დონალდ ტრამპი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის რესპუბლიკელებზე მუქარას ახდენდა.