აშშ-ის პროკურატურა ილონ მასკის მიერ Tesla-ს თანხების პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას იძიებს. ამის შესახებ WSJ წერს.
საქმე ილონ მასკის საიდუმლო სახლის პროექტზე Tesla-ს თანხების დახარჯვას ეხება.
აშშ-ის პროკურატურა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში მუშაობს ინფორმაციის მოპოვებაზე, პროექტზე დახარჯული თანხის რაოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
პარალელურად, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ ასევე დაიწყო სამოქალაქო გამოძიება პროექტზე, რომელიც ცნობილია, როგორც პროექტი 42.
პროექტი 42-ის მიხედვით, შენობა თითქმის მთლიანად მინისგან იქნება დამზადებული და გრეხილი ექვსკუთხედის ფორმა ექნება. ის Tesla-ს ოსტინის ქარხნის უკან განთავსდება.
როგორც გამოცემა წერს, პროექტის სტატუსისა და მინის მასალის შეკვეთის დეტალები ამჟამად უცნობია, გამოძიება ადრეულ ეტაპზეა და შესაძლოა, მასკის ბრალეულობა არ გამოიკვეთოს.
WSJ მარტში წერდა, რომ მასკი გეგმავდა ოსტინის ქარხნის გარეთ ერთგვარი ქალაქის მსგავსი საზოგადოების შექმნას, სადაც მისი თანამშრომლები ცხოვრებას და მუშაობას შეძლებენ.
Tesla-სთან დაკავშირებით ამჟამად არაერთი გამოძიება მიმდინარეობს, რომლებიც მისი ავტომანქანების მუშაობას უკავშირდება.
პრეტენზიები ეხება იმას, რომ Tesla-ს ავტომანქანები ხშირად ვერ აკმაყოფილებდნენ კომპანიის მიერ რეკლამირებულ მონაცემებს.