შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას ენერგეტიკულ სექტორს სანქციები მოუხსნა, რათა შეაჩეროს ნავთობის გაძვირება. სანქციების შემსუბუქება დროებითია და ის ექვს თვეს გაგრძელდება.
აგრეთვე, ლიცენზია მისცეს ვენესუელის ოქროს მომპოვებელ სახელმწიფო კომპანია Minerven-ს, რომელიც ასევე აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო.
სანქციების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა აშშ-თან და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყებად ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის საფუძველზე.
„ჩვენ, როგორც ბოლივარიანელები და უგო ჩავესის მემკვიდრეები, მზად ვართ, როგორც მას ყოველთვის სურდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ეტაპისთვის”, – თქვა მადურომ.
ვაშინგტონს ნავთობი სურს
ვენესუელაში ნავთობის მოპოვება დღიურად 732,000-დან 810,000 ბარელამდე გაიზარდა 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში. როგორც ცნობილია, ვენესუელას მსოფლიოში უდიდესი დადასტურებული ნავთობის მარაგი აქვს.
ვაშინგტონი ცდილობს ნავთობის ფასი დაწიოს მას შემდეგ, რაც საწვავი გლობალურ ბაზარზე ძვირდება.
უფრო მეტიც, OPEC+-ის გადაწყვეტილებებზე აშშ-ის გავლენის შემცირებამ ვაშინგტონი აიძულა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები მოიძიოს.
სექტემბერში ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი Chevron გეგმავს, ვენესუელაში ნავთობის მოპოვება დღეში 65,000 ბარელით გაზარდოს 2024 წლის ბოლომდე. შედეგად, ვენესუელაში მისი ერთობლივი საწარმოს მთლიანი წარმოება დღეში 200,000 ბარელს მიაღწევს.
ცნობისთვის, ლიცენზია განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვენესუელა შეასრულებს აშშ-ის პირობას, რაც ეხება რამდენიმე საარჩევნო ვალდებულებას, მათ შორის უკანონოდ დაკავებული პირების მიმართ.
სანქციების მოხსნაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა ნავთობის გლობალურ ბაზარს. ნავთობმა გაიაფება დაიწყო.
ბარელი Brent-ის ფასი $89,69-მდე შემცირდა, ხოლო WTI 1,9%-ით გაიაფდა და ბარელი $85,58 ღირს.