აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა 230-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის მიწოდებაში.
ამის შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა 7 კომპანია თურქეთიდან, ორი ჩინეთიდან და 13 არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.
სანქცირებულია სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა SPB Exchange, რომელიც ფასიანი ქაღალდების უდიდესი სავაჭრო პლატფორმაა რუსეთში. ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა.
გარდა ამისა, სანქციები შეეხოთ რუსი მილიარდერის – ვლადიმერ ევტუშენკოვის Sistema ჯგუფს და მის შვილობილ კომპანიებს (ლუქსემბურგის აღმოსავლეთ-დასავლეთის გაერთიანებული ბანკის ჩათვლით), ასევე შვიდ რუსულ ბანკს – Absolut Bank, Blank Bank, HKF Bank, Post Bank, Russian Regional Bank, All-Russian Regional Development Bank, Russian Standard Bank.
სანქცირებულთა სიაში არიან ათობით რუსი მწარმოებელი და გაზპრომთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანია. ასევე, გაზის უმსხვილესი ექსპორტიორის NovaTek-ის შვილობილი კომპანია.
შავ სიაში მყოფ პირებს შორის არიან რუსეთის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ევტუხოვი, უპილოტო საფრენი აპარატის Lancet-ის დიზაინერი ალექსანდრე ზახაროვი და მისი ოჯახის წევრები.
ზახაროვის ცოლი, ვაჟი ნიკიტა და ქალიშვილი მარია ჩართული არიან დრონების წარმოების ბიზნესში, ხოლო უმცროსი ვაჟი ლავრენტი ატარებს კვლევებს საბრძოლო მასალის მართვის, ნაღმების გაწმენდისა და შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული წვდომის საკითხებში.
სანქციები დაეკისრათ ჩეჩნეთის მეთაურის – რამზან კადიროვის 32 წლის ძმისშვილს და რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ ზაკრიევს, რომელიც პუტინმა დანიშნა Danone Russia-ის ხელმძღვანელად, ფრანგული კომპანია Danone-ის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შემდეგ.